თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში ახალგაზრდების ექსკურსია 4 ადამიანის დაღუპვით დასრულდა. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები სოფელში ჩანჩქერის დასათვალიერებლად ჩავიდნენ.
ერთ-ერთ მე-12 კლასელს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, მისი გადარჩენის მცდელობას კი კიდევ რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. სანაპიროზე მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც 112-ში დარეკა.
მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. ის თერჯოლის საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 4 ცხედარი კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. დაღუპულთა შორის მამა-შვილი და მათი 2 სტუმარია.
“სტუმრად ყოფილან ჩამოსული მეგობართან, სურათების გადასაღებად წასულან ჩანჩქერზე და ერთს დაუცდა ფეხი, ჩავარდა წყალში, მიეშველა მეორე და როგორც ამბობენ, გული გაუსკდა, ამას მეორეც მიჰყვა, ოთხია გარდაცვლილი – ორი სტუმარია და ორი ოჯახის წევრი”, – განაცხადა ადგილობრივმა.
“სავარაუდოდ, სტუმარს ბავშვს, რომელიც ჭიათურიდან იყო ჩამოსული, დაუცურდა ფეხი, საშველად მასპინძელი მამაკაცი ჩავიდა, რომელიც გულით ავადმყოფობდა, ნაოპერაციები იყო, სავარაუდოდ, ეს კაცი გულით გარდაიცვალა. იქ ვინც იყვნენ ახალგაზრდები, დახმარებას შეეცადნენ და მოხდა ტრაგედია. 6 ადამიანიდან ცოცხალი ორი გადარჩა, 4 გარდაიცვალა”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ თერჯოლაში ე.წ. ქადაგიძის რაფის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის და ტრაგედია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განმეორდეს.
მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანის დახრჩობის ფაქტზე შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარები