რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა გადაარჩინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამერიკელი პოლიტოლოგის ფრენსის ფუკუიამას განცხადების შეფასებისას განაცხადა.
“ვიღაც ფუკუიამა გვეუბნება, რომ ის {ბიძინა ივანიშვილი} ყოფილა ოლიგარქი. კაცმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველანი ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, გადაჭარბების გარეშე და ვიღაცა რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ არის საინტერესო. ჩვენ ვიცით რეალობა რა არის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ იცის. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ვიღაცა ცდილობს მას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, ეს არის თავად უდიდესი ბოროტება. ამ ქვეყანაში საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს კეთილს და ბოროტს და თეთრს და შავს, ყველა არჩევნებზე დასტურდება, განწყობებით, რეიტინგებით, დამოკიდებულებით დასტურდება და ყველაფრით, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ადამიანმა გაწირა თავისი სიცოცხლე, თავი გადადო, იმისათვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა და ახლა ვიღაცა ფუკუიამა გამოხტება და რაღაცას დააბრალებს, საერთოდ არ არის ეს საინტერესო და ამით დაშანტაჟების მცდელობა ცალკე სისულელეა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამერიკელი პოლიტოლოგის ფრენსის ფუკუიამას განცხადებით, ოლიგარქი ივანიშვილი არ წარმოადგენს ქართველებს, ის ფულით ყიდულობს გავლენებს, რაც დემოკრატიას ანგრევს.
კომენტარები