მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ვლადისლავ რაჩკევიჩი

“დაიბადა იმერეთში” – ვლადისლავ რაჩკევიჩი

ვლადისლავ რაჩკევიჩი – პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე.

დაიბადა 1885 წლის 28 იანვარს ქუთაისში. მისი მამა — იოზეფ რაჩკევიჩი, საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. დაახლოებით 1900 წელს ვლადისლავ რაჩკევიჩის ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა.

სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში (1911) და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც იგი პოლონურ ნაციონალურ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა მინსკში იურისტად.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას რუსეთიდან ავსტრია-უნგრეთში გაიქცა, სადაც პოლონურ ნაციონალისტურ მოძრაობაში გაერთიანდა. მონაწილეობდა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, იყო პოლონური ლეგიონის შემადგენლობაში. 1917 წელს დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. 1918 წელს გაათავისუფლეს და იუზეფ პილსუდსკიმ დამოუკიდებელი პოლონეთის შესაქმნელად მოიხმო.

1921-1930 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, 1930 წელს სენატორად აირჩიეს, ხოლო 1930 წლის 9 დეკემბერს მარშალი (სენატის თავმჯდომარე) გახდა. პოლონეთის დამარცხების შემდეგ, 1939 წლის სექტემბერში პარიზში გაიქცა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტად აირჩიეს (1939 წლის 30 სექტემბერი – 1947 წლის 5 ივნისი).

ვლადისლავ რაჩკევიჩი იყო პირველი მსოფლიო და პოლონეთ-საბჭოეთის ომების მონაწილე, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხი მთავრობის დროს (1921, 1925-1926 და 1935-1936), სენატორი და სეიმის მარშალი (1930-1935).

გარდაიცვალა დევნილობაში დიდ ბრიტანეთში, 1947 წლის 6 ივლისს, 62 წლის ასაკში.

2020 წლის იანვარში ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭა, 2022 წლის 26 ოქტომბერს კი ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.

ვლადისლავ რაჩკევიჩის დაბადებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, 2010 წელს ტარტუს უნივერსიტეტში გაიხსნა მემორიალური დაფა. იუბილეს მიეძღვნა ასევე თემატური კონფერენცია, სადაც გამოვიდნენ პოლონეთის წარმომადგენლები.

ესტონეთის ისტორიული არქივის ხელშეწყობით ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში გამოფენაზე ხელმისაწვდომი გახდა დასათვალიერებლად რაჩკევიჩის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის დოკუმენტაცია. პოლონეთის სენატმა 2017 წელი ვლადისლავ რაჩკევიჩის წლად გამოაცხადა.

ქალაქ ტორუნში დაიდგა რაჩკევიჩის ძეგლი.

კომენტარები