კალისტრატე ცინცაძე – ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1932–1952 წლებში.
კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები თავდაპირველად სოფელ მტერჩვეულში ცხოვრობდნენ. მისი მშობლები იყვნენ: მამა — მღვდელი მიხეილი და დედა — ეკატერინე გოგორიშვილი. მიხეილ ცინცაძეს განათლება მიღებული ჰქონდა ჯრუჭის მონასტერში მიტროპოლიტ დავით წერეთლის კარზე. 1878-82 წლებში ის წირავდა სოფელ გომმუხაყრუას ტაძარში. კალისტრატეს ძმა ამფილოქე იყო მედავითნე კორმაღალის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში.
წერა-კითხვა ოჯახში დამ, მატრონამ შეასწავლა, ხოლო „ჟამნის“ შესწავლაში მამის შეგირდი დიაკვნები დაეხმარნენ. 1875 წელს ოჯახმა იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა. 1882 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ეპისკოპოს გაბრიელის რეკომენდაციით, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა სუფევდა. ამავე წელს 1882 წლის 8 თებერვალს მამა გარდაეცვალა 47 წლის ასაკში.
1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა სიცოცხლეს გამოასალმა რექტორი ჩუდეცკი, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი იყო. საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ განსვენებული ჩუდეცკი რუსეთის სახელმწიფოებრივი და რელიგიური ინტერესებისათვის წამებულად წარმოაჩინა და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ქართველი ერი საჯაროდ დაწყევლა: „ბოროტმოქმედის მსხვერპლი კი არ იმსახურებს გლოვას, არამედ ის გარემო, რომელმაც წარმოშვა ბოროტმოქმედი. დიახ, გლოვობენ მამები და დედები ჩვენი მხარისა, რომ ჩვენს წრეში არსებობენ ბავშვები ცხოველური მიდრეკილებების ამარა. მათ მიმართ არ იმოქმედა ოჯახის ლმობიერებამ, ვერ მოახდინა გავლენა სკოლის კეთილმა და თბილმა დამოკიდებულებამ. ისინი შეპყრობილნი არიან გარეშე, ცრუ და მავნე ზემოქმედებით; გლოვობენ იმის გამო, რომ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ეკლესიის მსახურნიც კი. წყეულიმც იყოს ის ხალხი და ქვეყანა, რომელიც ასეთ ბოროტმოქმედთ შობს.“ ეგზარქოს პავლეს ამ სიტყვებმა ქართველი საზოგადოება აღაშფოთა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ღია წერილში მოითხოვა, ეგზარქოს პავლეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. დიმიტრი ყიფიანი იმპერატორმა გაკიცხა, გადააყენა ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის თანამდებობიდან და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი 1887 წელს სიცოცხლეს გამოასალმეს. სემინარიელი კალისტრატე ცინცაძე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და სამშობლოს ინტერესების ბრძოლა მის სამოქმედო გეგმად იქცა.
1888 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და 1889 წლიდან სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. სადაც მან თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა. 1892 წელს ის ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა საქართველოში.
კიევში გაიცნო მომავალი მეუღლე ოტილია ტომასი. ყმაწვილ კალისტრატეს პირველად მეგობართან ერთად სეირნობისას უნახავს მეუღლე, მეორედ კი საკუთარი პროფესორის ოჯახში სტუმრობისას, სადაც ოტილია პროფესორის შვილების აღმზრდელად მუშაობდა. ოტილიას მამა, ფერმერი, იოჰან ტომასი ძალიან მკაცრი კაცი ყოფილა. ყველა შვილს მისცა განათლება და სრულწლოვანები რომ გახდნენ, შინიდან გაუშვა, — თქვენი გზა თქვენვე მონახეთო. ასე მოხვდა ოტილია კიევში.
კალისტრატემ სამშობლოში ჩამოიყვანა ლუთერანი მეუღლე, რომელიც საქართველოში ჩამოსვლისთანავე მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. გაუჩნდათ ექვსი შვილი: ნინო, ეკატერინე, ანგელინა, მიხეილი, მარინე და მელანია. სამი შვილი ახალგაზრდა მოუკვდათ. შთამომავლები მხოლოდ სამი შვილისგან დარჩათ. უფროსი ქალიშვილი — ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი (დ. 1895 — გ. 1937) შემდგომში ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის მდივნად მუშაობდა და სტალინისტური რეპრესიების დროს დახვრიტეს.
1893 წლის 11 აპრილს აკურთხეს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად, 18 აპრილს – მღვდლად. ამ დროიდან საქართველოს პოლიტიკურ, თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი, რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1903 გადაიყვანეს ქაშვეთში. 1909-დან დეკანოზი. 1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი დიდი ცვლილების შემდეგ (25 თებერვალს იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა), 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ გამოაცხადეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, ხოლო 17 სექტემბერს – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში – საკათალიკოსო საბჭოში. იგი მონაწილეობდა ყველა იმ მოლაპარაკებაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების პრობლემებს ეხებოდა. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში საკათალიკოსო საბჭოს წევრებს საკვებსაც არ აძლევდნენ, ექიმებს არ უშვებდნენ დაუძლურებულ ავადმყოფებთან. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, მორალურად გაეტეხა ისინი. 1924 წლის მარტში სასამართლო პროცესზე ის დამნაშავედ სცნეს და მიუსაჯეს პატიმრობა 3 წლით და ცხრა თვით, ასევე ქონების კონფისკაცია.
1925 წლის მარტში გათავისუფლდა ამნისტიით. 1925 წლის 1 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზი კალისტრატე აკურთხა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში, იმავე დღეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, მიანიჭა ბარტყულაზე ჯვრის ტარების უფლება და მღვდელმთავართა შორის ღვთისმსახურების დროს უპირატესობა. ამ გადაწყვეტილებამ წონასწორობა დააკარგვინა ე.წ. “განახლებისა და რეფორმების“ ჯგუფის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს – დავითსა) და ქრისტეფორეს. მათ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებითა და წაქეზებით 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს საეკლესიო ყრილობა და მიიღეს გადაწყვეტილება უწმინდესი ამბროსისა და მისი მომხრე სასულიერო იერარქების გადაყენების შესახებ. 1926 წლის 30 დეკემბერს მიტროპოლიტმა კალისტრატემ უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. 1927 წლის 12 იანვრიდან გაათავისუფლეს ნინოწმინდელობიდანაც და დატოვეს ქაშუეთის ეკლესიაში წინამძღვრად.
კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გრძნობდა, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს დაუმსახურებლად მოექცნენ. მიტროპოლიტმა დავითმაც ბოდიში მოიხადა კალისტრატეს წინაშე. 1927 წელს გახდა მანგლელი ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1932 წლის 10 იანვარს საგანგებოდ შეიკრიბა საკათალიკოსო სინოდი. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მიტროპოლიტ კალისტრატეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამორჩევის შესახებ. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება.
მეორე მსოფლიო ომის დროს კალისტრატეთი დაინტერესდა გესტაპო და ცდილობდა მის გადაბირებას, რადგან კალისტრატეს გერმანელი მეუღლე ჰყავდა. მიუხედავად ამისა, კალისტრატე სსრკ-ის რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს შორის პირველი იყო, რომელიც ანტიფაშისტურ კოალიციას შეუერთდა. 1948 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი.
კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. 1894 წელს ჟურნალ „პასტირში“ გამოქვეყნდა მღვდელ კალისტრატეს სტატია „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია“. 1906 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“ რომელიც ქართველი ავტოკეფალისტების მეცნიერულ მტკიცებულებად იქცა. მას ეკუთვნის „შენიშვნები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან“, „ვეფხისტყაოსნის ისტორიული ღირებულებანი“, „ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია“, „ივერიის საეკლესიო წესი“. „ქართული ოდიკისათვის“. მისი შედგენილი იყო საქართველოს ეკლესიის კალენდრები 1930–1952 წლებში. კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმინდესი კათალიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმინდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.
კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფელს ტობანიერში, მის მშობლიურ მიწა-წყალზე, სადაც მრავალი ექსპონატია დაცული კათალიკოსის პირადი თუ საეკლესიო ცხოვრებიდან.
კომენტარები