მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესებული იყოს აშშ-თან ურთიერთობების გაგრძელებით”

“არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესებული იყოს აშშ-თან ურთიერთობების გაგრძელებით”

მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა და მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა შეხვედრაზე, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გაფრთხილებული იყო, რომ “რუსული კანონი” გავლენას იქონიებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე.

“როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მაშინ საქართველოს შემოჰქონდა რუსული კანონი, გამოვხატე ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ეს გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას და ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე, სამწუხაროდ, ვხედავთ ამას ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად.

მინდა გითხრათ, მიჭირს გაგება, იმ ქვეყანაში სადაც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც კი ჩავდიოდი, გამოხატავდნენ შეშფოთებას თქვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით, ოკუპაციის გაფართოებასთან დაკავშირებით და ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს და რაც საწინააღმდეგოა მოქალაქეების ნებისა, არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი, მივუთითეთ, რომ შედეგი ექნება ამას და ზუსტად ეს ხდება ახლა”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მისივე თქმით, არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე დაინტერესებული იყოს ურთიერთობების გაგრძელებით.

“ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ადრეც ვახსენე, თუნდაც ის განცხადება, რომ გადატრიალებას გეგმავდა ამერიკის მთავრობა საქართველოში, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც შეუძლიათ მათ მომავალში, რათა განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც გვქონდა საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში, რაც იყო მტკიცე ურთიერთობები.

აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში – ვესტუმრე ახალგაზრდების ჯგუფს გუშინ, შთამბეჭდავი იყო. სიამოვნებით მონაწილეობენ პროგრამაში, რომელიც ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ. ძალიან აფასებდნენ ამ მხარდაჭერას. იგივე მოვისმინეთ ფერმერებისგან, მეწარმეებისგან, ვისაც გუშინ შევხვდით. ეს არის აშშ-ის ფოკუსი – ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს მხარს ვუჭერდით. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით”, – განაცხადა სენატორმა.

კომენტარები