გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 2023 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საწყის ეტაპზე შემოწმების პროცესში 10 ეკიპაჟი (ხუთი თბილისში, ორი ქუთაისში, ორი ბათუმში, ერთი რუსთავში) იყო ჩართული. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ავტომობილების რაოდენობა ხუთი ეკიპაჟით გაიზარდა – ორი ეკიპაჟი დაემატა თბილისში, თითო-თითო კი, რუსთავსა და ბათუმში. ეკიპაჟები აღჭურვილია ყველა საჭირო ხელსაწყოთი და აპარატურით.
“კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ჯამში 7 193 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 3 453 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1 403 – ქუთაისში, 1 233 – ბათუმში, 1 104 – ქალაქ რუსთავში. დაჯარიმებული 7 193 სამართალდამრღვევიდან, 6 267 ფიზიკური პირია, ხოლო 926 – იურიდიული პირი. 4 463 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2 434 – მიკროავტობუსის, 287 – სატვირთო ავტომობილის, ცხრა – ავტობუსის.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 500, 1 500 და 3 000 ლარია. ჯარიმის ათი დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სხვა არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: რეგულარულად ტარდება ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კომენტარები