მთავარიახალი ამბებიიმერეთი

კახა ნურალიძე – მე მინდა ჩემი წვლილი შევიტანო იმ საქმეში, რასაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია 

კახა ნურალიძე – მე მინდა ჩემი წვლილი შევიტანო იმ საქმეში, რასაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია 

ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი კახა ნურალიძე პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. ის გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა, ქუთაისში აქტიურად ხვდება მოსახლეობას, მონაწილეობს კარდაკარში და ისმენს ადგილობრივების პრობლემებს.

ცნობილი ექიმი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია.

“ინფო იმერეთი“ კახა ნურალიძეს ესაუბრა.

– ბატონო კახა, რატომ გადაწყვიტეთ წასულიყავით პოლიტიკაში?

– უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი, მაგრამ  ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვთვლიდი, რომ როგორც ექიმი და როგორც სამედიცინო მენეჯერი, ბევრად მეტს ვაკეთებდი ჩემი სამშობლოსთვის, ვიდრე პოლიტიკოსი. გამომდინარე აქედან, ჩემთვის ეს მომხიბვლელი წინადადება არ იყო და არც შინაგანი განწყობა არ მქონია ამის, მაგრამ დღეს უკვე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ახლა წყდება შევინარჩუნებთ სახელმწიფოებრიობას თუ არა, ამიტომ ყოველგვარი  ყოყმანის გარეშე, როგორც კი ბატონი გიორგი გახარიასგან მივიღე შემოთავაზება, დავტოვე თბილისის  ერთ-ერთ ელიტარული კლინიკის გენერალური დირექტორის თანამდებობა და შევუერთდი პარტიას “გახარია საქართველოსთვის”. მე მინდა ჩემი წვლილი შევიტანო იმ საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოს გადარჩენა. დამერწმუნეთ, ეს სიტყვები გადაჭარბება არ არის, წელს იჭედება საქართველოს მომავალი. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და თითოეული ნაბიჯი გადადგმული პოლიტიკის მიმართ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური დივიდენდები.

– რატომ პარტია “გახარია საქართველოსთვის”?

– რადგან შექმნის დღიდან ვაკვირდები ამ პარტიას, ვხედავ აშკარა სხვაობას სხვა დანარჩენ პარტიებთან შედარებით. ამ პარტიას ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო გამორჩეული პრემიერი. მინდა  გითხრათ, რომ ძალიან ბევრ პოლიტიკოსს არ შეუძლია იმოქმედოს ცივი გონებით ისეთ კრიზისულ მომენტებში, როგორსაც მისი პრემიერობის პერიოდში შეეჩეხა ბატონო გიორგი. მე ვგულისხმობ პანკისის ამბებს, კოვიდს და პარლამენტის შტურმის აღების მცდელობას. ამ ადამიანმა ძალიან რთულ ვითარებაში ბევრი რამ აიღო მის თავზე, მათ შორის 20 ივნისის თემა, თუმცა სიმართლე  საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია. ეს გარკვეულ წილად ნამდვილი მამაკაცის საქციელია. გარდა ამისა, აღნიშნული პარტია დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებსაც დღესვე შეუძლიათ მართონ ქვეყანა და სწორად წაიყვანონ, როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზით. შესაბამისად  მე ავირჩიე ეს პოლიტიკური ძალა.

– როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება 26 ოქტომბრის არჩევნები?

– აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. მე არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი პარტია იქნება დომინანტი საქართველოს პარლამენტში. მთავრობა იქნება კოალიციური, ხალხის გამარჯვებაში კი ამას ვგულისხმობ. ვეღარასდროს ერთმა პარტიამ ვერ უნდა დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა, რაც თავიდანვე გამორიცხავს კორუფციას, გამორიცხავს ურთიერთგარიგებებს და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს.

კომენტარები