მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“კორპუსს სახურავი არ აქვს, რომ გაწვიმდეს, ჩამოვიქცევით ჩვენც” – ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“კორპუსს სახურავი არ აქვს, რომ გაწვიმდეს, ჩამოვიქცევით ჩვენც” – ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მრავალსართულიან კორპუსში, სადაც გადახურვითი სამუშაოები რამდენიმე დღეში სრულდებოდა, 21 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა. სრულად დაიწვა გადახურვითი კონსტრუქცია, დაზარალდნენ მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები ადამიანები.

ქალაქის მერიამ კორპუსს დროებით ე.წ ბრეზენტი გადააფარა, რაც მოსახლეობის თქმით, კორპუსს წვიმის დროს ვერ დაიცავს და წყალი დააზიანებს  სხვა სართულებსაც.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

“2 ცალი 5 მეტრიანი ბრეზენტი ეყოფა ამხელა სახურავს? ბრეზენტის იმედი როგორ უნდა გვქონდეს?

რომ გაწვიმდეს, ჩამოვიქცევით ჩვენც. ვითხოვთ, რომ არ დავზარალდეთ.

ფეროს ჭამს მთელი საქართველო ზესტაფონის გარდა. ამათ სახანძრო არ ჰქონდათ, შემშურდა თერჯოლის და ხარაგაულის, რომ შევხედე მშვენიერი სახანძროები იყო. ამათმა შლანგები ვერ გაშალეს, წყალი გამოდიოდა, ვიხვეწებოდით კიბე გაშალეთო და კიბეც არ ჰქონდათ”, – აცხადებენ დაზარალებულები.

იმის გათვალისწინებით, რომ ზესტაფონში არ არის წყალი, სახურავზე იდგა ბაკები, რომელიც ცეცხლის შედეგად დაზიანდა და მთელი ეს წყალიც ჩაიღვარა და ფაქტობრივად ჩამოირეცხა ხუთივე სართული. 3 დღის განმავლობაში ადამიანებს არ აქვთ შუქი , არ აქვთ კომუნიკაციები და ამ პირობებში, ღია ცის ქვეშ, ისე რომ კორპუსს სახურავი არ აქვს, უწევთ ცხოვრება. მოსახლეობის მოთხოვნაა რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს.

ზესტაფონის მერიაში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან პირველ ეტაპზე დადგინდა იმ ოჯახთა რაოდენობა, რომლებიც საჭიროებდნენ დროებით, სხვა საცხოვრებელ ფართში გადაყვანას. ასეთთა შორის გამოიკვეთა 4 ოჯახი, რომელთა გაყვანა მოხდა ქირით და მათი ხარჯების დაფარვას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

“რაც შეეხება აღნიშნულ კორპუსში დარჩენილ ოჯახებს. ამ ეტაპისთვის მოხდა კორპუსის დროებითი გადახურვა სპეციალური საშუალებით (ბრეზენტი), მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის სახურავის აღდგენა. ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ აღნიშნული კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს არსებული სერვისების მიწოდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები