მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა ბიძინასთან ერთად. გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც დიდი გამოწვევაა ყველასთვის, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“როგორც ვნახეთ ამ მოლაპარაკების პროცესში, არ არის ადვილი ბევრი რამის დათმობა, არ არის ადვილი იმის დანახვა, რომ შენ მეორე გჭირდება და არ არის ადვილი იმის გაგება, რომ რაც არ უნდა იყო შეთანხმებული მთავარ მიზანზე – საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი მომავალი, გესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების გამომწვევ მომენტში. ასეთი მომენტი, მე მგონი, არ დამდგარა, თუ არ ჩავთვლით 1918-1920 წლებს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ პროცესში პოზიტიური ცვლილებებიც მოხდა.
პრეზიდენტის თქმით, “გახარია საქართველოსთვის და “ძლიერი საქართველო” არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ, თუმცა გამოჩნდა, რომ ისინი ერთი მიზნისთვის იბრძვიან – “განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის და ის, რაც გუშინ იყო შეუძლებელი, ნელ-ნელა ლბება და სამომავლოდ გამარტივდება თანამშრომლობა”
“არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო [მოლაპარაკებების ჩაშლა]. ალბათ, ყველასი და არავისი… იმ წარსულის, რომელიც ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს ამ ქვეყანაში. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელის შემშლელია და იქნება ალბათ..
2 მთავარი დამნაშავეა ამ ყველაფერში – ერთი მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა მიჩნეულია სისუსტედ და მეორე – უნდობლობა, რაც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები