პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლის ელეონორა არჩაიას განცხადებით, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ხალხის ნებას არ გამოხატავს.
მისივე თქმით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” უზურპატორ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
ელეონორა არჩაია მადლობას უხდის ამომრჩევლებს, ასევე, პარტიის წევრებს, აქტიურ მხარდამჭერებს, მოხალისეებს, დამკვირვებლებს.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას!
არჩევნები ჩატარდა არასამართლიან, არადემოკრატიულ და უთანასწორო გარემოში. ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო მოსყიდვას, დაშინებას და ზეწოლას ქართველ ამომრჩეველზე. ხელისუფლებამ უკანონოდ გამოიყენა სახელმწიფო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ხმით გაყალბდა არჩევნები ხმის მიცემის დღეს, როდესაც საარჩევნო პროცესი არასამართლიანი და ძალადობრივია, ის ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად!
ბატონი გიორგი გახარია და პარტია “გახარია საქართველოსთვის” არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს უზურპატორ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად მხარი დაგვიჭირა და ნდობა გამოგვიცხადა! ამასთან განსაკუთრებული მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, აქტიურ მხარდამჭერებს, მოხალისეებს, დამკვირვებლებს და ყველას ვინც უდიდესი შრომა გასწია, როგორც საარჩევნო პროცესში, ისე 26-ში საარჩევნო უბნებზე.
მესმის, რთულია წინააღმდეგობა გაუწიო სისტემას, რომელიც ძალაუფლების დათმობას საკუთარი ნებით არ აპირებს. თუმცა, მჯერა, რომ არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას და ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! საქართველო გაიმარჯვებს!” – წერს ელეონორა არჩაია.
კომენტარები