მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – პროტესტის 83-ე დღე ქუთაისში

ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – პროტესტის 83-ე დღე ქუთაისში

ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება – მოქალაქეები  ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას 83 დღეა, მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეები “ქართულ ოცნებას” ქვეყნის ევროპული მომავლის ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, ძალაუფლებას ჩამოშორდეს.

მათივე თქმით, “ოცნება” უნდა აცნობიერებდეს, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქტივისტებმა დღეს თეთრი ხიდის, რუსთაველის ხიდის და წითელი ხიდის მოაჯირებიდან ბანერები – “აჯანყდი, რადგან წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია”, “თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა”, “სამართალი ხალხს, დამხობა ოლიგარქიას” გადმოფინეს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები