მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ICOMOS საქართველო გელათთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

ICOMOS საქართველო გელათთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

გელათში არსებულ ვითარებაზე ორგანიზაცია “ICOMOS საქართველო” 2022 წლის 31 ოქტომბერს საველე ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული კედლის მხატვრობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოთხოვნის მიუხედავად, შეეცვალათ გადაუდებელი ჩარევის გეგმა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ექსპერტთა მისიის დროს გამოვლინდა, რომ 2022 წლის ივნის-სექტემბერში მთავარი ტაძრის ნაწილში განხორციელდა მასშტაბური ჩარევა ადრე შემუშავებული მეთოდოლოგიით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამასთან ჩატარებულია სრული საკონსერვაციო სამუშაო.

ანგარიშის თანახმად, ამჟამად, კედლის მხატვრობის დაზიანება (დასავლეთ მკლავში და მიმდებარედ) კვლავ მიმდინარეობს და მხატვრობის დანაკარგი გაზრდილია. დასავლეთი მკლავის ზედა რეგისტრის სამხრეთ კედელზე მხატვრობის გამაგრება, სავარაუდოდ, დასრულებულია, ხოლო ჩრდილოეთი მკლავის დასავლეთ კედელზე, დასავლეთ მკლავის კამარაში და დასავლეთ კედელზე ნაწილობრივ დასრულებულია. დანაკარგები შეინიშნება, სავარაუდოდ, არათავსებადი მეთოდოლოგიით გამაგრებულ არეალებშიც.

დასვლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამომარილება მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც კედლის გამაგრება გასული წლის პერიოდში განხორციელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ გამომწვევი მიზეზი არ არის გამოკვლეული/აღმოფხვრილი და არ კონტროლდება.

შესრულებულია ახალი ჩასხმები და ქიმების შეკეთება, რომლის მეთოდოლოგიაზე დეტალური ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი.

დეტალური ანგარიშის გარეშე ძნელია ყველა ადგილის ზუსტი განსაზღვრა, სადაც ჩასხმები გაკეთდა, თუმცა შეწყვეტილი პროცესის ადგილები თვალსაჩინოა. დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე დაფიქსირებულია რეკონსტრუქციის და ტონირების ადგილები. აღსანიშნავია, რომ ჩარევის ეს მეთოდები არ იყო მითითებული ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს 2021 წლის დოკუმენტში, როგორც ჩასატარებელი სამუშაო.

“დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს და ICOMOS-ის პრინციპებს კედლის მხატვრობის შენარჩუნებისა და კონსერვაცია-რესტავრაციის შესახებ. წინამდებარე ანგარიშის ავტორები სრულად იზიარებენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებს გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობის კვლევის, კონსერვაციის გეგმის განახლებასა და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ხაზს უსვამს შესაფერისი დროებითი გადახურვის მოწყობის საკითხს, „აშენდეს ფარდული/დროებითი გადახურვა, რომელსაც ექნება საკმარისი სათავე/ზედა სივრცე, რომელიც დაიცავს მთელს შენობას, ..“ ასეთივე მოთხოვნა აქვს ადგილობრივ პროფესიულ საზოგადოებას 2021 წლიდან მოყოლებული. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე გადაწყვეტილება გელათის მონსატერზე მოითხოვს „ღვთისმშობლის ეკლესიისა და წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვასთან დაკავშირებით უზრუნველყოს, მუშაობისთვის უფრო შესაფერისი გადაწყვეტილება, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს კონსერვაციის ღონისძიებების უწყვეტად ჩატარება ….“ 2022 წლის მაისში ღრმთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე შეიცვალა დროებითი გადახურვა და მოიხსნა დაზიანებული კრამიტის საფარი. ახალი დროებითი გადახურვა, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს შესაფერის განიავებას, მაგრამ არა კვლევისთვის და კონსერვაციის სამუშაოების საჭირო სივრცეს. ანგარიში კრამიტის საფარის მოხსნის პროცესზე არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ უცნობია მოხდა თუ არა კრამიტის მოხსნის დროს გამოვლენილი ინფორმაციის ინტეგრაცია კედლის მხატვრობის კონსერვაციის კვლევის/დაგეგმვის პროცესში, რასაც დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები