მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

WE STAND WITH ISRAEL! – ჩვენი სამოქალაქო თეატრი

WE STAND WITH ISRAEL! – ჩვენი სამოქალაქო თეატრი

ამ ფოტოზე ჩვენი „დასის“ რამდენიმე წევრი გვაკლია. გვიანი რეპეტიცია გვქონდა. მარიკა თბილისშია (ჩვენი ვარსკვლავი გოგო). დათუნა, ნესტანი და გიო, დაქანცულები, ამ დროს უკვე გავიდნენ. ვინც შემოვრჩით, ასე სპონტანურად „შევაჩერეთ წამი“ განწყობისთვის. ფოტოს კიდევ ტექნიკური ჯგუფი გვიღებს – კადრს მიღმა მეგობრები. თან თემატურ პროექციებს არჩევენ somali-სთან ერთად. დავღალეთ ძალიან. „არგო“ – ნათია და მისი გუნდი –  ჩვენი ერთგული თავშესაფარი და უანგაროდ ხელშემწობი, თავზე რომ დაგვფოფინებდნენ ამ გაურკვეველ ექსპერიმენტში უსასრულოდ.

მინდოდა უბრალოდ და სწრაფად მომეყოლა, როგორ დავიწყეთ. რა გზა გავიარეთ და სად გვაქვს პირველი თეატრალიზებული რევერანსი, როგორც „წარმოდგენა“. როგორც ტესტი მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ჯანსაღად კრიტიკულ მაყურებელთან/მსმენელთან/თანაგანმცდელთან – ყველასგან ერთად ალაპარაკებული ისტორიებით.

სამოქალაქო თეატრის არსიც ზუსტად ესაა – საერთო სივრცე “სადემარკაციო ხაზების“ გარეშე.

პერფორმანსის ორგანიზატორიც, შემსრულებელიც და გუნდის ყველა წევრიც, მაყურებელიცაა დანარჩენ მაყურებელთან ერთად, როგორც  სიტყვის და სლოგანის ერთი მარცვალი, ერთი ხმა, ერთი გრძნობა, ერთი დაჭიმული ძარღვი მთლიანი ორგანიზმისთვის.

სამი თვის წინ დაიწყო ეს მეგობრობა.

თავიდან გავიცანით ერთმანეთი სულ სხვა ნიჭით, სულ სხვა სურვილებით, სულ სხვა ღამისთევებით და ერთმანეთის გამოზრდით, ერთმანეთის გვერდით დგომით, შეცდომების გამოსწორებით, საერთო ენთუზიაზმით! არავისგან დაფინანსებულით, არავისთვის ნათხოვით..

დამოუკიდებლად მუშაობის პირველი ცდით, ახალი ბიოგრაფიის – სამოქალაქო თეატრის სახელდებით ჩვენს ქალაქში და ბევრი თბილი და აზრიანი ადამიანისგან სიტყვით, მზერით, მოლოდინით, გულშემატკივრობით გამხნევებული!

ჩვენი მიზანი – მსოფლიო მოქალაქის, ქართველი შინდლერის, ნამდვილი გმირის – ქუთაისელი საბა კლდიაშვილის გაცოცხლება იყო! ახალი თაობებისთვის სამაგალითო ისტორიის მოყოლა და მისი შეყვარება. ის იმსახურებს – ქუთაისმა იამაყოს ხმამაღლა ყველა საერთაშორისო პანელზე, მაღალი ხმით, მაღალი სამოქალაქო პოზიციით, – როგორც საბას მშობლიურმა ქალაქმა!

მაგრამ მოხდა ისე, რომ პერფორმანსის ტექსტის შექმნისას, ვერაფრით ავუარეთ გვერდი მის დიდ და საოცრად მომხიბვლელ ოჯახს. დედას – ეფრო კლდიაშვილს – ქუთაისში თეატრისმოყვარეთა დასის შემოქმედს. მით უმეტეს, რომ ქეთი მამუკელაშვილის წინაშე მქონდა სიტყვიერი ვალი – მინდოდა მისი წიგნი ეფროზე, როდისმე პატარა და ორიგინალური პრეზენტაციის თემად მექცია. ვერ ჩავუარეთ გვერდი ეფროს არაჩვეულებრივ შვილებს – სიმონ კლდიაშვილს – პირველი ქართული უნივერსიტეტის ქართველ ხუროთმოძღვარს, მარიამს – პირველ საოპერო მომღერალ ქალს კონსერვატორიის განათლებით, მის შვილს, თამარს – პირველ ქართველ მევიოლინეს, ლუარსაბს, იმ პერიოდის ქუთაისელი ახალგაზრდების განმანათლებელს და სულიერ ლიდერს, ანდრიას – ინჟინერს, გამომგონებელს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნინუცას, ეფროს შვილს, სანიმუშო ექიმს, ვანიკო აბაშიძის დედას, დოდო აბაშიძის ბებიას და ანასტასიას, კლდიაშვილების დიდი ფუძის მემატიანეს. ბევრ იმ ცნობილ ადამიანს, ვინც საოცარი საქმეების სათავეში იდგნენ საკუთარი რწმენით და ღვაწლით იმ დროის ქუთაისში და საქართველოში.

ჩვენი “ქუთაისური ისტორიები“ მოკრძალებული პერფორმანსია ორ ეპიზოდად – ეფროს და საბას სულის შემძვრელი ამბით.

არ გვაქვს სცენა და თეატრალური ფარდა.

ჩავთვალეთ, რომ პირველად იმ ადგილისთვის უნდა გვეცა პატივი, სადაც რეპეტიციების ბედნიერი დრო და გარემო გვაჩუქეს – სრულიად უანგაროდ და უსაზღვრო  მზრუნველობით. ეს ჩვენი მადლიერების ჟესტია „არგოსთან“, რომელიც სამოქალაქო თეატრის პატარა ბიოგრაფიაში დაიწერება სულ.

არ გვაქვს არანაირი ფუფუნება და ძვირფასი ეფექტები.

დეკორაცია და რეკვიზიტი ზუსტად ისე შექმნა ხვიჩამ, როგორც მის ოქროს ხელებს შეეძლო – საკანცელარიო მაღაზიებში ნაყიდი სხვადასხვა ფორმატის ქაღალდებით და ნიტიკოს ოპტიმალური მასკარადულობის იდეით.

ნათია საყელოებს კერავს მარიამის დახმარებით შექმნილი ლოგოს ანალოგიით.

იაკოს სახლიდან მოაქვს და მოაქვს ანტიკვარული ნივთები, წლების წინ  თეატრის დაარსების სურვილით რომ აგროვა.

გიო მის ენერგეტიკას შეახორცებს როიალის კლავიშებს.

ყველა ერთ ორგანიზმად ვიქცევით, იმედია. ვერაფერს შეგპირდებით კეკლუცობით.

სხვა სივრცისთვის იწერებოდა მასალა. სხვა სივრცეებში მოგვიწევს წარმოდგენა.

ბევრი ასეთი „გაცურება“ და გაცრუება გავიარეთ ჩვენი პერსონაჟების ნამდვილი სიყვარულით გაძლიერებულებმა. ხანდახან  მათი გზებიც უკეთ ამოვიცანით იგივე განცდებით, იგივე ჟინით, იგივე თავდადებით და პრობლებისთვის თვალის შეგნებულად არიდებით.

ყოველდღე, ერთი რაიონიდან მეორე რაიონში გადაღებებზე სიარულის შემდეგ, ქანცგაცლილები, მაინც ერთგულად იკრიბებოდნენ და ვიწყებდით ჩვენი დიდი წინაპრების მამაცი სულით საზრდოობას თეატრალური თერაპიით, თეატრალური მედიით!!!

არ ვიცი, რას დავახვედრებთ იმ მოლოდინს, რომელიც არსებობს.

ოღონდ, ერთს – ნამდვილად!

თითქოს ბედი წაგვეთამაშა (ტრაგიკულად, გამომწვევად) და საბას ისტორიის პირველი ჩვენებური გათქმის, ჩვენებური წარმოდგენის დრო, სასწაულებრივად დაემთხვა ზუსტად იმ ხალხის გაუსაძლის ტკივილს, ვის გადარჩენასაც, საბა კლდიაშვილმა,  საკუთარი სიცოცხლის ფასად თავი შესწირა.

დღეს მსოფლიოს პროგრესული ნაწილი ისრაელის გვერდითაა!

საბა კლდიაშვილის მშობლიური ქუთაისიდან ჩვენი სამოქალაქო თეატრის პირველი ჩვენებაც საბას ხმამაღალი შეძახილია  – WE STAND WITH ISRAEL!

ეს ჩვენ ვართ – ქუთაისში პირველი სამოქალაქო თეატრი:

მარიკა მაჩიტიძე, დათო ლიკლიკაძე, ირაკლი ვაჩიბერაძე, ეკა ფხაკაძე, ნესტან ჩაგელიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე, ია იაშვილი, ნათია მკერვალიშვილი, მარიამ ირემაძე, გეგი ნემსიწვერიძე, გიორგი არაბიძე, ლუკა სვანიძე, ზეკო ხაჩიძე, ნიტა ხაჩიძე, მაკუნა შავგულიძე და მეგობარი SOMALI.

და ჩვენ ვამბობთ  – WE STAND WITH ISRAEL!!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები