ამ დრომდე უცნობია როგორ აღმოჩნდა ქუთაისის სპორტის სასახლეში, “ფალავნობა 2022”-ის ასპარეზობის დროს ხალიჩა, რომელზეც რუსული კომპანია “როსნეტფიც” სიმბოლიკა და წარწერა იყო დატანალი.
ვლადიმერ პუტინის მეგობარი იგერ სეჩინის კომპანია “როსნეფტის” სიმბოლიკითა და წარწერებით გაფორმებულ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მხარისა და ქალაქის პირველი პირების პრესსამსახურები აცხადებენ, რომ მათ გარდა დასწრებისა, ღონისძიებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.
ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ქუთაისში ჩასულებს ადგილზე მათ ეს ხალიჩა დახვდათ.
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭიდაობის წლის მთავარი ღონისძიება “ფალავნობა 2022” რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” წარწერის ფონზე 11 დეკემბერს ჩატარდა.
“როსნეფტის” მფლობელი ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და პარტნიორი იგორ სეჩინია. კომპანიაც და მისი მფლობელიც დასავლეთის სანქცირებულთა სიაში არიან. გარდა ამისა, “როსნეფტი” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქტიურ საქმიანობას ეწევა, რითიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონს უხეშად არღვევს.
კომენტარები