მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თვალისმომჭრელი სამკაული მზისფერი შენობის ყელზე

თვალისმომჭრელი სამკაული მზისფერი შენობის ყელზე

ახალი წელი მოდის!

ჩემს აქაურ ბლოგებს გადავხედე გასააზრებლად, შეჯამებისთვის. და ვფიქრობ, სადღესასწაულო დღეებში, გარეთ მეტი შემოქმედებაა, ვიდრე ჩემი თეატრალური მეხსიერების ზარხუფში (სილვია პლათისგან გამოყოლილი შთაბეჭდილებით).

სახელოვნებო სივრცეების და მოვლენების ჩემებური დაგემოვნებისკენ ირაკლიმ მიბიძგა ერთი წერილის გამო, რომელშიც გენდერული სინერგიის მარტივი ამოფრქვევა მქონდა. უფრო სწორად, უკმარისობის მოკრძალებული პროტესტი იმაზე, რომ თეატრი მარტო სანახაობა არ არის, შემეცნებაცაა და განათლების საშუალებაც. რომ მოცემულ დროში, გაცვეთილ ფასეულობებში და პრეპანდემიურიდან პოსტპანდემიურ დინამიკაში, საჭიროა თავიდან დავიწყოთ ღირებულებათა გადაფასება, ან ახალი წესრიგი.

მოკლედ, იმას ვიხსენებ, როგორ დავიწყე ბლოგების წერა ირაკლი ვაჩიბერაძის წაქეზებით და როგორ გამიტაცა ჩემს თეატრთან ნახევრად „სპირიტუალურმა“ ვერბალურმა ინტიმმა  😊. თითქმის მოთხოვნილებად გადამექცა. თითქმის დამოკიდებული გავხდი და თითქმის შემეშინდა-  ზედმეტი კაპრიზულობა არ გამჩენოდა ამ შემოქმედებით ხეტიალში.

ეს ოცდამეშვიდე ეპიზოდია.

ალბათ მკითხველს ახლა წინასადღესასწაულო მელოდრამა და ბისერებიანი ლოკაციები უფრო სიამოვნებს მისი საზეიმო ბრჭყვიალებით, ვიდრე კულისებში ჩემი მოჩვენებითი ბორიალი. მითუმეტეს, რომ ორი დღეა, მხოლოდ ქალაქის მთავარი სამკაულით, საახალწლო ნაძვის ხით ვართ მასობრივად ექსტატიკურები!

წელს მართლა განსაკუთრებულია!

ნატიფი, მინიმალისტურად დატვირთული, მსუყე და დიდებული! სისადავის და ბრწყინვალების ზომიერი შეხამება. წინა წლებშიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. კონცეფციები იცვლებოდა. სხვადასხვა თემას ყვებოდა მისი გაფორმებით და ტონებით, სპეციალურად დამზადებული აქსესუარებით. ნამდვილი შემოქმედება იყო.

უკვე შევეჩვიეთ, რომ საახალწლო ნაძვის ხეებით ქალაქები საკუთარ, კრებით გემოვნებას ამზეურებენ. ქუთაისმა ამ მარათონში წლების წინაც მოიგო, როცა სამმა გოგომ ანა რევიშვილმა, ანა ღულაძემ და ნინო ჩხენკელმა პირველად გააკეთეს „საავტორო“ შედევრი შერეული ემოციურობით. მერე იცვლებოდა მათი თემა და რეპლიკა მთავარ საახალწლო სურათ-ხატში: „კოლხური არტეფაქტები“, „ყინულის დედოფალი“, ბავშვების ზღაპრის სამყარო“. ყველა ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი და მეტყველი.

ამ სამმა გოგომ, ამ სამმა წინასაახალწლო ფერიამ, ქუთაისის სადღესასწაულო ვიზაჟისტებმა თუ რაც გინდათ ის დაარქვით, თავიანთი ჯადოსნური ჯოხებით, მართლა განსაკუთრებული მოდა დაამკვიდრეს ქუთაისში – მოლოდინი ახალი ზღაპრის, ახალი აღფრთოვანების – ნაძვის ხის შინაარსიანი და თეატრალური შესამოსელით.

წელს, გაგიკვირდებათ (ამ უწყინარ თემაშიც პოლარულობა ხომ გვჭირს 😊), და წვრილმანების დონეზეც, 2023 წლის ნაძვის ხის ამ სახით გადედოფლება ქალაქის მერის შემოქმედების სიყვარულმა გადაწყვიტა. მე მინახავს როგორ სიამოვნებას იღებს სოსო ხახალეიშვილი ხელოვნებაში მონაწილეობით, იდეით და მერე იმის ბოლომდე მიყვანის პროცესით. ეს მისი ყველაზე „ქუთაისური“ პროფილია 😊- თეატრალური აქცენტები დაიტანოს ამ ქალაქის პორტრეტზე  მისი ხელის ანაბეჭდით.

მოკლედ, ვისაც ძალიან მოგწონთ  ქუთაისის საახალწლო „რეპლიკა“ ახალი  ნაძვის ხით და მისი დიზაინით, ძვირფასი დიადემასავით გაბრწყინებული ოქროსფერი შენობის წინ, ქალაქის შუა გულში, -დეკორატორ-შემსრულებლებთან ერთად, მერის გემოვნების  აღიარებაც მოგიწევთ 😊.

მიყვარს ამ ქალაქის მოულოდნელობებით სავსე ბიოგრაფია და ესეც საინტერესო ფრაგმენტი იქნება მომავალში „სთორად“. იმ მომავალში, როცა საზოგადო პარტიულ-პოლიტიკური შლეიფები და სახალხო ნევროზები ლურჯ-წითელ ფერებს დაკარგავს, ან გარდასახავს, დროდადრო. იმედია, პროგრესისკენ!

დღეს კი, ყველა ამბობს, რომ ჩვენი ნაძვის ხე ყველაზე ლამაზია ამ სილამაზით გათამამებულ ქვეყანაში. და რადგან, ყველაზე თეატრალური ქალაქი ჩვენ ვართ, ყველაზე თვალისმომჭრელი სამკაულიც,  რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვეკეთოს შობა-ახალ წელს!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები