საქართველოში ალბათ, არ მოიპოვება ადამიანი, ვისაც არ სმენია ლაღიძის წყლების შესახებ, თუ პირადად არ დაუგემოვნებია ის. ლაღიძის წყლების ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და ქუთაისიდან იწყება.
ამ სახელგანთქმული უალკოჰოლო სასმელების რეცეპტების ავტორი მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე დაიბადა 1869 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში, აზნაურის ოჯახში.
მიტროფანე ლაღიძე 14 წლის ასაკში, 1883 წელს ჩამოვიდა ქალაქ ქუთაისში, სადაც მუშაობა დაიწყო პეტრე (პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. აქ აწარმოებდნენ ასევე ლიმონათს. 1887 წლიდან, მას შემდგომ, რაც გარდაიცვალა ივანოვსკი, ლაღიძე თავად ჩაუდგა სათავეში წარმოებას. მიტროფანე ლაღიძემ ძირეულად შეისწავლა უალკოჰოლო სასმელების შექმნის ტექნოლოგია. ლაღიძე გახდა სურნელებით, არომატითა და გემოთი სრულიად ახლებური სასმელის რეცეპტის ავტორი.
მიტროფანე ლაღიძემ საქართველოში პირველმა შემოიღო სასმელების ე.წ. გაკეთილშობილების მეთოდი, რომლის მიხედვით სასმელს ხილის წვენებთან ერთად ესენციაც ემატება. ლაღიძე სასმელებს ამზადებდა ეკოლოგიურად სუფთა ხილით, რომელსაც ისე არ მიიღებდა წარმოებაში, თუ საფუძვლიანად დამწიფებული არ იქნებოდა.
აკაკი წერეთლის რჩევით და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, 1906 წელს მიტროფანე ლაღიძემ თბილისშიც გახსნა უალკოჰოლო სასმელების ქარხანა, რომლის მაღაზია მოაწყო გოლოვინის (ამჟამად რუსთაველის) გამზირზე. 1910 წლისათვის თბილისში არსებობდა ხილის წყლების სამი მაღაზია: მ. ლაღიძის, ე. ზემელისა და ვ. მამულოვის. მათ შორის საუკეთესო იყო და ყველაზე დიდი მოწონებით სარგებლობდა ლაღიძის წყლები, რომელზეც დიდი მოთხოვნილება წარმოიქმნა საზღვარგარეთაც. ლაღიძის წყლებს საჩუქრად უგზავნიდნენ უცხოეთში სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე მყოფ პირებს.
1900 წელს ქუთაისში გახსნილ ლაღიძის წყლებს გამოჩენილმა ქართველმა მგოსანმა, აკაკი წერეთელმა ლექსი უძღვნა:
“სასმელების მეტოქე ვარ,
ღვინის, ლუდის, წყლის და რძისა,
ხილეულთა ესენცია
მიტროფანე ლაღიძისა“, – აღნიშნავდა აკაკი წერეთელი.
1913 წელს პეტერბურგსა და ვენაში გაიმართა სასმელთა საერთაშორისო გამოფენა, სადაც ქართულმა უალკოჰოლო სასმელებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, მათ შორის იყო ქუთაისური ლაღიძის წყლები.
მიტროფანე ლაღიძე თავისი ამ განთქმული საქმიანობის პარალელურად ასევე იყო ცნობილი ქველმოქმედი, რომელმაც არაერთი საზოგადოებრივი სიკეთე აღასრულა. მის სახელთან არის დაკავშირებული ქუთაისში პირველი ელექტროსადგურის აგება.
1904 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „ბატონ მ. ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა. ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა და ახლა ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. აგერ, ეს ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობოროსა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული.
შემდეგ მიტროფანე ლაღიძემ საფრანგეთიდან ჩამოიტანა მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომელიც ქუთაისის გარდა, მთელ დასავლეთ საქართველოს ამარაგებდა“, – აღნიშნავდა გაზეთი „ივერია“.
ასევე, მიტროფანე ლაღიძე გახლდათ მდინარე რიონის წყალსადენის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი. აღნიშნულის შესახებ 1902 წელს გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა: „არქიელის გორაზე გაცხარებული მუშაობაა. გაჰყავთ წყლის მილები, კეთდება აუზი, მუშები მახლობელ სოფლებიდან ბარ-ურმით ეზიდებიან, ვინ სილას, ვინ კირს, წყალს, ცემენტს, ხე-ტყეს და სხვას. ქუთათურებს ახლა კი იმედი მოგვეცა, რომ ახლო მომავალში რიონის სილა-წყალი ბროლივით ანკარა წყალზე შეიცვლება“, – აუწყებდა თავის მკითხველთ გაზეთი „ივერია“.
მიტროფანე ლაღიძე რუსული იმპერიალიზმის უღლის ქვეშ მყოფ საქართველოში ფინანსურად დიდად ხელს უწყობდა ქუთაისში ქართული წიგნების გამოცემას. ის მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს. იგი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების აქტიური წევრი. მიტროფანე ლაღიძისადმი გამორჩეული პატივისცემით იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და სხვა მრავალი დიდი ქართველი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე.
მიტროფანე ლაღიძე თავისი ეროვნულ-ქართული მრავალმხრივი მოღვაწეობის გამო არც თუ სასურველი პიროვნება იყო რუსეთის იმპერიისათვის. რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი ციმბირში გადასახლება. ეს ინფორმაცია ლაღიძის მეუღლემ აუწყა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც ქმედითად დაუდგა გვერდით მიტროფანე ლაღიძეს და გადაარჩინა ის ამ მძიმე სასჯელს.
შემდგომში, ლაღიძემ წყლის ფირმას წარწერა ქართულ ენაზე ზემოთ გაუკეთა, ხოლო რუსულ ენაზე – ქვემოთ, რის გამოც მეფის რუსეთის მოხელეებმა მისი დაპატიმრება მოინდომეს, რისგანაც კვლავ ილია ჭავჭავაძემ იხსნა.
მიტროფანე ლაღიძემ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, აკაკი წერეთლის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ და ა.შ. 1908 წელს ლაღიძის ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისში გამოიცა აკაკი წერეთლის საიუბილეო კრებული.
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდგომ ლაღიძის წყლებს არ დაუკარგავს აქტიურობა. იგი მეტად მოთხოვნადი გახდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ასევე, საბჭოეთს მიღმაც ცნობილი გახდა ამ უალკოჰოლო სასმელის შესახებ და გაიზარდა მისდამი დაინტერესება.
გავრცელებული ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს ასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გაუგზავნია საბჭოთა კავშირის ლიდერ იოსებ სტალინისთვის. ამის შემდგომ საბჭოეთის ბელადს კრემლში მიუწვევია უკვე მხცოვანი, 83 წლის მიტროფანე ლაღიძე, რომელსაც განსაკუთრებული საექსპორტო ლიმონათის დამზადება დაევალა. ლაღიძის მიერ მომზადებული უალკოჰოლო სასმელები გაუგზავნიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ტრუმენისთვის. ცოტა ხანში თეთრი სახლიდან წერილი მოსულა, რომელშიც ითხოვდნენ აშშ-ში ლაღიძის უალკოჰოლო სასმელების ექსპორტს…
საბჭოეთში მოღვაწე პოეტმა ევგენი ევტუშენკომ ლაღიძის წყლებს მიუძღვნა ლექსი, რომელიც ქართულად ამგვარად ჟღერს:
“გამოუცნობი არის ბრძენი,
ვერ გააღვიძებ ოსტატის მთვლემარე საიდუმლოს – ეს კანონია,
წყლის საიდუმლო სამუდამოდ გაჰყვა ლაღიძეს,
როგორც ტაბიძემ ლექსის ჯადო გაიყოლია“, – წერდა ევტუშენკო.
რუსეთის იმპერიის დროინდელ ქუთაისის მაზრაში დაბადებულ-აღზრდილ მიტროფანე ლაღიძის მიერ ქუთაისში შექმნილი უალკოჰოლო სასმელები, წოდებული „ლაღიძის წყლებად“ მსოფლიო ცნობადობისა და საერთაშორისო მნიშვნელობის გახდა. ლაღიძის წყლები გასცდა მხოლოდ უალკოჰოლო სასმელების მნიშვნელობას და ის, თავის შემქმნელ მიტროფანე ლაღიძესთან ერთად ისტორიის მარადიულ კუთვნილებაში გარდაისახა.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები