ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ფხაკაძე პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შემდეგ ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შემთხვევაში ქალაქი ყველა მიმართულებით განვითარდებოდა.
“საპარლამენტო სტატუსი ნიშნავს ქალაქის განვითარებას ყველა მიმართულებით. გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა. ქუთაისში გაიხსნება ყველა მძლავრი ორგანიზაციის წარმომადგენლობა. ჩამოვლენ საერთაშორისო დელეგაციები. პრესტიჟული გახდება ადგილობრივი ოპერის სცენაზე გამოსვლა, რადგანაც მუსიკას თარჯიმანი არ სჭირდება და ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრების სპექტაკლზე დასწრება საამაყო გახდება. ამაღლდება კლინიკების დონე, ყველა საინფორმაციო სააგენტო და ტელევიზია გახსნის თავის ოფისებს და სტუდიებს, როგორც ეს უკვე ერთხელ მოხდა. ყოველდღე ჩვენი ქალაქის ხმას გავიგონებთ ტელეეკრანებიდან. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ქუთაისი აივსება ელჩებით, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებით და კონკურენტუნარიანი გახდება ადგილობრივი მედია. ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გადმოინაცვლებს ქუთაისში, შეიქმნება სამუშაო ადგილები, ადგილობრივი ხელფასები გაუთანაბრდება დედაქალაქში დასაქმებულების ხელფასებს. დღეს რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სტუდენტებს შეხვდა, გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოსვლის დროს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებოდა. ახალგაზრდები ნაკლებად დატოვებენ ქუთაისს. ქალაქს ექნება ფუნქცია. არ შეიძლება ქვეყანაში მხოლოდ დედაქალაქი ვითარდებოდეს და დანარჩენი ქალაქები, ბათუმის გარდა იცლებოდეს. ადრე თუ გვიან, თბილისს მოუწევს სახელმწიფო ინსტიტუტების დათმობა”, – წერს ეკა ფხაკაძე.
ქუთაისში პარლამენტი 2012-2018 წლებში ფუნქციონირებდა. ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში 2019 წლიდან გადაიტანეს.
კომენტარები