დღეს ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოქალაქე. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, საქართველოს მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება. დღეს საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს: ამბიციური, რეფორმებზე და პროგრესზე ორიენტირებული, რეგიონის ლიდერი ერთიანი და ძლიერი საქართველოს იდეა და რუსეთზე ორიენტირებული, მაჩანჩალა და ოლიგარქულ ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა; დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ზვიადის, მერაბის, მიშას საქართველოს იდეა და ყორღანაშვილების, ორჯონიკიძეების, ფილიპე მახარაძეების, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების მოღალატეთა იდეა; მამაც ქართველთა იდეა და ლაჩარ კოლაბორანტთა იდეა; პატრიოტ ქართველთა იდეა და ფულს და საშოვარს დახარბებულთა იდეა; ევროკავშირისა და ნატოს წევრი, სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოს იდეა და რუსეთის სატელიტი, დამონებული და დაჩაჩანაკებული საქართველოს იდეა; მეგობრებო, დღეს არა მხოლოდ ძალაუფლებაა მიტაცებული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, არა მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზეა კონცენტრირებული მმართველი დაჯგუფება, არამედ რუსეთთან კოლაბორაციითა და დასავლეთთან მტრობით უნდათ, რომ წაგვართვან მომავალი; წაართვან მომავალი ჩვენს შვილებს, რომ იცხოვრონ ერთიან, ძლიერ, ევროკავშირისა და ნატოს წევრ საქართველოში. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, გავერთიანდეთ ძლიერი, ერთიანი, რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეის გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, გამარჯვების გზა არ არის იოლი.
„როგორ შეიძლება, რომ ასეთი შესაძლებლობების ქვეყანა უკიდურეს სიღარიბეში და უიმედობაში ცხოვრობდეს? ეს უსამართლოა, ეს არ არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი! ჩვენი მონდომებითა და ერთად დგომით შეგვიძლია შევქმნათ და მოვიტანოთ უკეთესი პირობები, ევროპული ცხოვრების დონე, სამუშაო ადგილები; უკეთესი განათლება ჩვენი შვილებისთვის; მაღალი პენსიები და სოციალური დაცვის გარანტიები უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, დევნილებისთვის და ვეტერანებისთვის; ღირსეული სამუშაო პირობები ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის, პოლიციელებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის; ღირსეული ანაზღაურება სოფლად თუ ქალაქად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის; ახალი განვითარების შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის; და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელსაყრელი პირობები ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისთვის. თავისუფლებისა და გამარჯვების გზა არასდროს არის იოლი და მარტივი. ჩვენც არ გპირდებით იოლ გზას, მაგრამ გპირდებით დაუღალავ შრომას თქვენთან ერთად დიდი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, გამარჯვების პლატფორმა არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება.
“უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში. სწორედ ამიტომ, ვინც მხარს უჭერთ ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას და არ აპირებთ, შეეგუოთ საქართველოს რუსულ ჭაობში ჩატოვებას, ვისაც გწამთ, რომ საქართველოს გაერთიანებისა და დეოკუპაციის გასაღები ევროკავშირსა და ნატო-შია, გავერთიანდეთ საქართველოს გამარჯვების ამ ახალ პლატფორმაში. იქით არიან რუსეთთან შეკრული მოღალატეთა დაჯგუფება ივანიშვილის თაოსნობით, რომელთაც სამშობლოს პირადი კეთილდღეობა და ფუფუნება ამჯობინეს. აქეთ კი, გამარჯვების პლატფორმაზე ვიკრიბებით გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები ვისაც გვწამს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და რეგიონის ლიდერი ქვეყანა, რომელიც სულ მალე გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს კი გარანტირებულ მშვიდობასა და კეთილდღეობას ნიშნავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ძალა და სამშობლოს სიყვარული. ღმერთი ჩვენკენ. საქართველო გაიმარჯვებს!
მინდა, მადლობა და მადლიერება გამოვხატო „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერის მიმართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წლებია, იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ერთიანობისთვის და დღეს ვინც არ ეგუება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები