მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში რეანიმობილი არ არის

იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში რეანიმობილი არ არის

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 7-ში რეანიმობილი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის გაუმართავ სისტემასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების ფონზე, მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო, დაედგინათ, თუ რომელ მუნიციპალიტეტებში არ არის რეანიმობილი, სად არ აქვთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება და სად არ კეთდება გულის სტენტირება.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ვანში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხონში, წყალტუბოში, ხარაგაულსა და ტყიბულში.

“გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში (ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული, ყვარელი). კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (ე.წ. სასწრაფოს), ქვეყნის მასშტაბით 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 ერთეული რეანიმობილი არის ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული 22 ერთეული რეანიმობილიდან 2021 წელს “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს” ოთხი მათგანი გადასცა იაპონიის საელჩომ. ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო სამსახურს “ჰეიდარ ალიევის ფონდმა” 2018 წელს გადასცა ერთი რეანიმობილი, რომელიც განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის ივლისში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ლენტეხის მუნიციპალიტეტს აჩუქა ერთი რეანიმობილი. ამ პრობლემას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს და რეგიონებში რეანიმობილების არსებობა ცალკეული კომპანიებისა და პირების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები