დღევანდელ ბლოგში არ იქნება იმის აღწერა, რა პერფორმანსი შევთავაზეთ მაყურებელს.
დღევანდელ ბლოგში რამდენიმე სიტყვას ვიტყვით ჩვენი „დაბადების“ მაყურებელზე!
ისე გავთავხედდით – ორი წარმოდგენა ერთ დღეს და ერთი საათის ინტერვალით ვითამაშეთ. გვწერდნენ უცნობები. ვეუბნებოდით, არ ვიცით, როგორ დასხდებით, მოდით და თუ ფეხზე დარჩებით, არ გაგვიბრაზდეთ. ამ უცნობების მოწერის გამო გადავწყვიტეთ მეორე გამოსვლა!
პირველ ჩვენებაზე შუქი რომ აინთო, მივხვდით, რომ მართლა ერთი ვიყავით! ერთი ორგანიზმი.
არ დაგვიდგამს “პაკლონი“ რადგან სამოქალაქო იყო სულიც, ტაშიც და ფორმებიც.
თვითონ შევიჭერით მაყურებლის აღტაცებულ თვალებში! ორივეჯერ!
ჩვენზე უფრო ნიჭიერებში, ჩვენზე უფრო პატრიოტებში, ჩვენზე უფრო თეატრალურებში, ჩვენზე უფრო სოლიდარულებში ყველა იმ ტკივილთან, რაც ებრაელ ხალხს, ქუთაისელ “სცენისმოყვარეებს“ და მათ გმირ შვილებს ვუძღვენით.
არცერთ “ჩვენებაზე“ არ გვითხოვია “ტელეფონი გამორთეთ“ ან “გადაიყვანეთ უხმო რეჟიმზე“ . სასწაული იყო. სუნთქვა გვესმოდა ერთმანეთის!
იღბლიანი იყო ყველა ის წუთი, რომელიც საერთო სიყვარულით გავიარეთ და ეს მართლა საერთო იყო!
არ ვიცით, რამდენი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას.
და ჩვენი ნავსაყუდელი “არგო“ და ნათია.
და ჩვენი ტექნიკური ადმინისტრირების ჯგუფი – ნიტა, სომალი, მაკუნა, თათა და ლუკა. მათ გარეშე ვერაფერი იქნებოდა საბოლოოდ.
და ჩვენი ნიკუშა ნუცუბიძე და კობა მიშვიძე. მათ გარეშე ჟრუანტელი არ იქნებოდა ჰაერში.
საოცარი ქალაქია ქუთაისი.
ისეთი, სადაც მაყურებელი შენზე ნიჭიერია! და ამაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს!
შეხვედრამდე, უძვირფასესებო!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
ფოტოების ავტორი: დათო მირზაშვილი
კომენტარები