მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა

ქუთაისში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა

ქუთაისში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა. ფორუმში 150-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მისი მიზანი იყო სკოლების კერძო სექტორთან დაკავშირება, ასევე, კერძო სექტორის მიერ სასკოლო საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება.

“აღნიშნულ ფორუმზე მოწვეულები იყვნენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ოპერირებენ იმერეთის რეგიონში და ეძებენ საინტერესო იდეებსა თუ ინიციატივებს, რომ სკოლამ და ბიზნესმა განახორციელოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტები“, – განაცხადა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაეცნენ იმერეთის სკოლების მიერ წარმოდგენილ პროექტებს, რომლებიც ამ დღისათვის მოსწავლეთა მიერ სპეციალურად მომზადდა. ინიციატივები ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების გადაჭრას ისახავდა მიზნად.

RICDOG საპატიო გენერალური მდივნის თქმით, ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოსვლები, სადაც ისაუბრეს ბიზნესის როლზე საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეში.

“აღნიშნული ფორუმი იმერეთის რეგიონში მეორედ ჩატარდა და მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად გაიმართება, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას სასკოლო საზოგადოების განვითარებაში“, – განაცხადა RICDOG-ის საპატიო გენერალურმა მდივანმა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორმა იმერეთის რეგიონში ეკატერინე მარუქაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სკოლა-ბიზნესის ფორუმი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი“.

კომენტარები