მინდა მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით, ხალხი კი ღარიბდება? – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობასთან ერთად, დაბალი ხელფასებია.
“დაბალი ხელფასი უდრის უმუშევრობას. მინდა, კონკრეტული მონაცემები წარმოგიდგინოთ. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 261 700 უმუშევარი ადამიანია, ამ რიცხვს უნდა დავამატოთ 300 ლარამდე ხელფასის რაოდენობა. 300-იდან 600 ლარამდე ხელფასზე საქართველოში მუშაობს 97 246 ადამიანი. ხოლო, 600-იდან 900 ლარამდე დასაქმებულია 117 012 ადამიანი. ყველა ეს მონაცემი ფაქტობრივად, უდრის უმუშევრობას.
საქართველოში 539 611 უმუშევარი ადამიანია. სწორედ ამიტომაა, რომ 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. გაზრდილი ფასების პირობებში ეს ხელფასი რომ არაფერია და არაფერს ყოფნის, ფაქტია. შესაბამისად, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუსვა კითხვა – თქვენ ამ ადამიანებს დასაქმებულებს რომ არქმევთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი დაბალი შემოსავალი, თქვენს ოჯახებს არჩენდით ამ ხელფასებით? საკმარისი იქნებოდა? მთავარი კითხვაა თუ რატომ ხდება ეს უსამართლობა?
ბატონი ღარიბაშვილი ძალიან ცინიკურად ესაუბრება ემიგრანტებს. გუშინ ამ ადამიანმა მათ უთხრა, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, საქართველოში ჩამოვიდნენო. გეგონება ეს ხალხი დალხენილი ცხოვრების გამო ან დასასვენებლად წავიდა უცხოეთში.
12 წელია ხელისუფლებაში ხართ და რა გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის? იმისთვის, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ხალხი? იმისთვის, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები მოგეზიდათ, რათა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო?
მინდა, მივმართო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, გაგვეცით პასუხი, რატომ ხდება, რომ თქვენ მდიდრდებით, ხალხი კი ღარიბდება?” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
კომენტარები