ჭალა – სოფელი იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარყა, დრბო, ზემო ქარზმანი, თედელეთი, პერევი, საკოხია, სინაგური, სპეთი, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ღონა, ჭურნალი, ჯრია, ხახეთი და ჯალაბეთი).
მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 11 კილომეტრი.
ჭალის ტერიტორია თავისი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო დასახლებული იყო უკვე ბრინჯაოს ხანაში, ამას ადასტურებს სამეურნეო სამუშაოების დროს ნაპოვნი სამუშაო იარაღები. ფეოდალურ ხანაში ეს ტერიტორია რაჭის საერისთავოში შედიოდა და მას კახაბერ I განაგებდა. გვიან ფეოდალურ ხანაში ჭალა აბაშიძეების სამფლობელო გახდა. მათი აღზევება XV საუკუნიდან იწყება. აბაშიძეები იმერეთში მრავალ სოფელსა და ეკლესიებს ფლობდნენ, ხოლო რეზიდენცია ჭალაში გააჩნდათ, აქ იყო მათი სასახლე, კარის ეკლესია, და საძვალე.
აბაშიძეების სახელს უკავშირდება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XVI საუკუნის ძეგლს წარმოადგენს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 1502 წლით თარიღდება.
1896 წელს ჭალას ეწვია მარჯორი უორდროპი და მისი ოჯახის წევრები. ისინი თავად ნიკოლოზ აბაშიძეს სტუმრობდნენ.
სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – აბაშიძეების შუა საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. ინტერიერის მოხატულობა XV საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.
სოფელში შემორჩენილია ადგილობრივი მკვიდრის ღენტორ აბაშიძის სახლი, რომელიც იმერული ოდის ნიმუშია. ამ სახლში გადაღებულია მხატვრული ფილმი სამანიშვილის დედინაცვალი.
კომენტარები