121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია “რუსული კანონის” წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი დღეს გაიგზავნება.
“სარჩელთან ერთად სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად”, – განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა.
სარჩელის ავტორები მიესალმებიან, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმაც მიმართა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას.
“ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ საბოლოო გაუქმებამდე”, – განაცხადა დავითურმა.
კომენტარები