ქუთაისის მერისთვის შეძენილი ახალი 118 000-ლარიანი ავტომობილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იოსებ ხახალეიშვილის გადადგომის შემდეგ დალუქეს, ახლა ისევ მერიის წინ დგას.
“ინფო იმერეთს” ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ახალი ავტომობილით მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ისარგებლებს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მერიის ამავე განყოფილებაში “ინფო იმერეთს” უთხრეს, რომ დავით ერემეიშვილი ამ ავტომობილით გადაადგილებას არ აპირებდა და ის ისევ იმ მანქანით გააგრძელებდა მოძრაობას, რომელიც მერის მოადგილეობის დროს მას ემსახურებოდა.
ვინ გამოიყენებს მერის მოადგილისთვის განკუთვნილ მანქანას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ახალი, 118 000-ლარიანი ავტომობილი ქალაქის ყოფილმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ბიუჯეტის ფულით გასულ წელს შეიძინა.
ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებდა, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილი იმიტომ შეარჩია, მას ხშირად უწევს თბილისში საქმიანი ვიზიტით წასვლა და აღნიშნული მანქანა უფრო მოსახერხებელი იქნებოდა.
კომენტარები