საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
დღეის მდგომარეობით შენობა ძლიერ დაზიანებულია. ამორტიზებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, იატაკი. დროთა განმავლობაში ნალექმა სრულად დააზიანა შენობის სახურავი. ასევე, ავარიულ მდგომარეობაშია ხის საძირკველი და სარტყელი. მოუწესრიგებელია ეზოს ტერიტორიაც. აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმში აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.
სააგენტოს მიერ მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის გამოყოფილია 698,776 ლარი.
ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბილდკინგსი“ ჩაატარებს.
დიდი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის, სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1987 წელს გაიხსნა და სავარაუდოდ, ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული. 2020 წელს სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კომენტარები