“ქაოსი, განუკითხაობა და დაპირისპირება ქუთაის-გაენათის ეპარქიაში”, – ამ სათაურით ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში არსებული გვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი”.
აღნიშნულ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” უცვლელად გთავაზობთ.
“2019 წელს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგატალიშვილი) გარდაცვალების შემდგომ, რაც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის დაპირისპირებები, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათ მოვლენად იქცა.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ქმედებები ქუთაის-გაენათის ეპარქიაში სხვადასხვა პერსონასთან სხვადასხვა დროს არაერთხელ იქცა დაპირისპირების მიზეზად (როგორც გვატყობინებენ მიტროპოლიტი იოანე არც რუსთავის კათედრაზე ყოფნისას ერიდებოდა დაპირისპირებების წარმოქმნას რუსთავის ეპარქიაში).
ამჯერად დაპირისპირების საგნად იქცა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მან სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში ბაგრატის საკათედრო ტაძარში მსახურებიდან გაათავისუფლა იღუმენი გიორგი (ნებიერიძე) და ის განამწესა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭაშლეთის მამათა და დერჩის დედათა მონასტრების წინამძღვრებად. ხსენებული პერიოდიდან ამ დრომდე არ წყდება დაპირისპირება ქუთაის-გაენათის ეპარქიაში.
ზემოხსენებული ფაქტის ფონზე განვითარდა კიდევ სხვადასხვა უსიამოვნო შემთხვევა და 2024 წლის 1 სექტემბერს მიტროპოლიტმა იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში სასაუბროდ დაიბარა იღუმენი გიორგი (ნებიერიძე) და მღვდელ-მონაზონი იაკობი (სებისკვერაძე). როგორც გვატყობინებენ, ადგილზე იმყოფებოდნენ საერო პირები, მათ შორის არც თუ მთლად საეკლესიო წრეებიდან. ბაგრატის საკათედრო ტაძრის სამღვდელმთავრო კოშკში მიმდინარე საუბრისას, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს თვალწინ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რაც წამოიწყო ბაგრატის ტაძრის იეროდიაკონმა კონსტანტინემ (აბდალაძე), რომელიც მიტროპოლიტ იოანესთან მსახურებისას მთავარდიაკვნის მოვალეობას ასრულებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ფიზიკურ ჩხუბში ჩართული აღმოჩნდა ხსენებულ შეკრებაზე მყოფი რამდენიმე სასულიერო პირი.
ამ ფონზე 2024 წლის 8 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მოიწვია ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელო დასის კრება და ეპარქიის სამღვდელოების გარკვეულ ნაწილს ხელი მოაწერინა წერილზე, რომლის მიხედვით, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში სიტუაცია თითქოს დადებითი და ნორმალურია.
ამჟამად ხსენებული საკითხი გადაცემულია საქართველოს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისიისათვის, რომელმაც უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, მიტროპოლიტ იოანეს ქმედებების ფონზე, სასულიერო პირებს შორის მომხდარი დავისა და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ”, – წერს “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი”.
კომენტარები