პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება.
მისი თქმით, აქციის მონაწილე თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან.
ირაკლი კობახიძის თქმით, კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება.
“ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებით არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ეს არის ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკებების წარმოება“, – განაცხადა კობახიძემ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ გავრცელებული და დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება და რიგი ოჯახების მიერ აღებული თანხა ავანსის სახითაა გაცემული.
პროტესტის მონაწილის გიორგი ნეფარიძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ „გაიწელა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მომზადება”, კომპანიამ წინასწარ გარკვეული თანხა გადაუხადა პროტესტში მონაწილეებს, მანამ, სანამ დასკვნა მომზადდებოდა. ამ თანხას კი, მისი თქმით, შემდგომში უნდა დამატებოდა სამხარაულის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დაანგარიშებული ანაზღაურება.
2021 წელს, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციების შემდეგ, “ჯორჯიან მანგანეზსა” და საპროტესტო ჯგუფს შორის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმდა, რომ ზიანს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაითვლიდა, შეაფასებდა ქონების საბაზრო ღირებულებას, ზარალს კი „ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებდა.
ნეფარიძე აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა” უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა „თვალითაც არ უნახავთ” და „კომპანია დოკუმენტს არ ასაჯაროებს”.
კომენტარები