მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი ჩემი ქალაქია, მე ის ძალიან მიყვარს“ – ვერიკო ანჯაფარიძე უკანასკნელად მშობლიურ ქუთაისში

“ქუთაისი ჩემი ქალაქია, მე ის ძალიან მიყვარს“ – ვერიკო ანჯაფარიძე უკანასკნელად მშობლიურ ქუთაისში

ქართული ხელოვნების მრავალმხრივად დიდ ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებულია დიდი სახალხო არტისტი, ქართული კინოსა და თეატრის დედოფალი და მშვენება, ვერიკო ანჯაფარიძე. მის მიერ შესრულებული როლები თვისობრივად განსხვავებულია.

ვერიკო ანჯაფარიძე ქუთაისელი გახლდათ. ის დაიბადა 1897 (ზოგიერთი ცნობით 1900) წელს ქუთაისში. ანჯაფარიძეების ოჯახი ქუთაისის ინტელიგენციას ეკუთვნოდა. ვერიკოს ბაბუა, გრიგოლ ანჯაფარიძე ცნობილი იურისტი გახლდათ, ხოლო ვერიკოს მამა – ივლიანე ანჯაფარიძე ქუთაისის ნოტარიუსი იყო.

ვერიკო ანჯაფარიძემ დაასრულა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი (ამჟამად წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის # 3 საჯარო სკოლა).

ქალბატონ ვერიკოს მუდამ გამორჩეული და განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა მშობლიური ქალაქისადმი.  1984 წელს დიდი ვერიკო უკანასკნელად ეწვია მშობლიურ ქალაქს. ამ დროს ვერიკო ანჯაფარიძე ოთხმოც წელს იყო გადაცილებული. მიუხედავად ასაკისა, მან შეძლო, რომ კიდევ ერთხელ სიყვარულით მოფერებოდა მშობლიურ ქუთაისს.

1984 წლის 24 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძე ესტუმრა გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარს, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. ქალბატონი ვერიკო სიყვარულით მოეფერა ბაგრატის დიდებული კათედრალის ნანგრევებს, მის ისტორიულ ჩუქურთმებს… მსახიობმა ბაგრატის ტაძართან ყოფნისას ძველებური ქართული თიხის ფიალაში დასხმული ღვინით სადღეგრძელოც წარმოთქვა…

იმავე დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სკვერში გაიხსნა გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი, რომელიც საზეიმო ვითარებაში გახსნა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა, სახელმწიფო, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატმა, ვერიკო ანჯაფარიძემ.

1984 წლის 25 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა ეპოქალური ქართველი არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის შემოქმედებითი საღამო. ქალბატონ ვერიკოს  სასტუმრო „ქუთაისთან“ ცხენშებმული ეტლი დაახვედრეს და ამგვარად, ათასობით ქუთაისელმა სიყვარულითა და კრძალვით მიაცილა ის მესხიშვილის თეატრამდე. დიდი მსახიობის ქუთაისური ეს საღამო სამარადჟამოდ ჩაწერილია ამ ქალაქისა და მისი ხელოვნების ისტორიაში. ვერიკო ანჯაფარიძეს იმ დღეს სცენაზე მიართვეს უამრავი თაიგული, რომლის ყვავილები სცენიდან პარტერშივე, ქუთაისელი მაყურებლის მიმართულებით ისროლა ქალბატონმა ვერიკომ და ამ ჟესტით კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად სათუთად მოეფერა თავის მშობლიურ ქუთაისსა და ქუთაისელ მაყურებელს.

ვერიკო ანჯაფარიძემ  ქუთაისში თავისი ამ სტუმრობისას განაცხადა: “ქუთაისი ჩემი ქალაქია, მე ის ძალიან მიყვარს…

რამდენი რამ გაკეთებულა, სასიკეთოდ შეცვლილა, გალამაზებულა…

რა დაშავდება იმით, რომ ქუთაისი ზოგ რამეში გაუთანასწორდეს თბილისს?! – პირიქით, ამით ერი, ხალხი მოიგებს. უძველეს და კოლორიტულ ქუთაისს ამის ყოველგვარი საფუძველი აქვს“, – აღნიშნა დიდმა სახალხო არტისტმა.

ხსენებული სტუმრობა და შემოქმედებითი საღამო მშობლიურ ქალაქში, სამწუხაროდ, უკანასკნელი აღმოჩნდა ვერიკო ანჯაფარიძისათვის. ეპოქალური ქართველი არტისტი 1987 წელს გარდაიცვალა, თუმცა, მისი სახელი უკვდავია და ეს უკვდავება, რასაც ვერიკო ანჯაფარიძე ჰქვია, სწორედ ქუთაისელია და ქუთაისიდან იწყება…

ვერიკო ანჯაფარიძის წარმოდგენილი ფოტო გადაღებულია ქუთაისში მისი ხსენებული ვიზიტისას, 1984 წლის ივნისში; დაცულია ქუთაისის ფოტო-კინო მატიანის მუზეუმში

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

კომენტარები