კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის მონასტერში რაიმე სახის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესზე დაკვირვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოვალეობაა, თუმცა იმისთვის, რომ სააგენტომ მონასტერში ზედამხედველობა განახორციელოს, იქ ჯერ რაიმე ტიპის სამუშაოები უნდა იყოს დაწყებული.
“როგორც ცნობილია და ეს საჯაროდ გაცხადებულია, 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა გელათის სამონასტრო კომპლექსში საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს შეთანხმება ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და შესაბამისად, ეს შეკითხვები, თუ იქ რა პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, იგეგმება, უკვე ეკუთვნის სამუშაოებზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას, ეს გახლავთ საქართველოს საპატრიარქო.
რასაკვირველია, სააგენტო იქნება ზედამხედველობის ფუნქციით აღჭურვილი, იმიტომ რომ კანონისმიერი ვალდებულება სწორედ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსი, მაგრამ იმისთვის, რომ სააგენტომ რაიმე სახის ზედამხედველობა განახორციელოს, მონასტერში რაიმე ტიპის სამუშაო უნდა მიმდინარეობდეს, რაც ჩემი ინფორმაციით, ჯერ ასე არ არის”, – განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები