ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრებას აგრძელებს.
მარტში ძლიერმა წვიმებმა და დიდ თოვლიანობამ დააზიანა საავტომობილო გზა, სახლების წინ არსებული გზა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა, ფაქტობრივად აღარ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება უჭირთ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო მანქანებს.
ასევე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების საძირკველი, მნიშვნელოვნად დაცილებულია სახლის აივნები კედლებიდან და არსებობს ბზარები, რომელიც საკმაოდ შესამჩნევია.
საფრთხე ექმნება ცენტრალურ გადამცემ ელექტროგამანაწილებელ ანძას, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობს მოსახლეობასთან, მეწყერსაშიშ ზონაში და არსებობს საშიშროება, რომ მიწის მასების ჩამოშლასთან ერთად კონსტრუქცია მთლიანად მოიშალოს.
სოფელში დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლაშა ფარულავა იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოსახლეობის თქმით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ისინი უყურადღებოდ დატოვეს და უშედეგოდ ითხოვენ დახმარებას.
“მიწის მასების ჩამოშლის პროცესი ამ ეტაპზე შეუქცევადია, რადგან არ ხორცილდება არანაირი სამუშაოები. ამიტომ, ყოველი ნალექის შემდგომ საშიშროებაა იმისა, რომ მიწის მასები ჩამოიშალოს, საკმაოდ დიდია და მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იმყოფება.
საჭიროა დაუყოვნებელი რეაგირება ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ფარულავამ.
კომენტარები