მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მერაბ გიგაურმა “ტორპედოს” ფორმით 250-ე მატჩი ჩაატარა

მერაბ გიგაურმა “ტორპედოს” ფორმით 250-ე მატჩი ჩაატარა

“ტორპედოს“ კაპიტანმა და გულშემატკივრების ფავორიტმა, მერაბ გიგაურმა ქუთაისური კლუბის მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა, რაც ბოლო წლებში კლუბისადმი ერთგულების იშვიათი ფაქტია.

ეს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში მოხდა – ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა, 31 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა კი გასული სეზონის ჩემპიონის წინააღმდეგ გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა.

მერაბ გიგაურს უთამაშია სამი ქვეყნის რვა კლუბში. იგი ეროვნული ლიგის, ეროვნული თასის და საქართველოს სუპერთასის მფლობელია.

2010 წელს, როდესაც 17 წლის იყო, „ტორპედოში“ თბილისის საფეხბურთო სკოლა „ავაზა-ვისოლიდან“ გადავიდა.

პირველი სეზონის შემდეგ კლუბი დროებით დატოვა და 2011–2012 წლებში იჯარით პოლონეთის ჩემპიონატის “იაგელონიაში“ ითამაშა. მისი სურვილი პოლონურ გუნდში დარჩენა იყო, თუმცა საიჯარო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას კლუბები ტრანსფერზე ვერ შეთანხმდნენ და „ტორპედოში“ დაბრუნდა, სადაც 2014 წლამდე გამოდიოდა.

შემდეგ იყო „რუსთავი“, „ცხინვალი“ და ფოთის „კოლხეთი“, 2016 წლის ბოლოს კი ისევ „ტორპედოში“ დაბრუნდა, სადაც ოთხი ტიტული მოიპოვა, მათ შორის 2017 წლის ჩემპიონის ოქროს მედალი. 2019 წელს კლუბი სერიოზული ფინანსური კრიზისის გამო დატოვა და აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ 2022 წლის ზაფხულში გიგაური მეოთხედ მიიწვიეს „ტორპედოში“, სადაც ერთი წლის შემდეგ გუნდის კაპიტანად აირჩიეს.

მერაბ გიგაური იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, თემურ ქეცბაიას დროს, 2013 წლის 5 ივნისს დანიასთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ითამაშა.

კომენტარები